top of page

კომპანია

ქვეყანაში, სადაც ვაზისა და ღვინის წარმოება ათასწლეულებს ითვლის, ქართული ღვინის ბრენდი შედარებით გვიან, მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა და  ის დიდი მეწარმის, დავით სარაჯიშვილის სახელს უკავშირდება.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ეპოქაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც  ჟურნალ-გაზეთების, სტამბების, „წერა კითხვის-გამავრცელებელი საზოგადოების,“ პირველი ქართული თეატრისა და „ეროვნული ბანკის“ პარალელურად პირველი ქართული ღვინის ბრენდის ქარხანაც ჩნდება. 

პირველი ქართული ღვინის ბრენდი დავით სარაჯიშვილის უდიდესი სურვილისა და  დაუღალავი შრომის შედეგია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში კლასიკური ტექნოლოგიით  კონიაკის წარმოებას. აღსანიშნავია, რომ დავით სარაჯიშვილმა არა მხოლოდ ღვინის ბრენდის წარმოების ტექნოლოგია ჩამოიტანა ევროპიდან, არამედ გულდასმით შეისწავლა საქართველოს კლიმატი და ნიადაგი, გამოარჩია ღვინის ბრენდისთვის საუკეთესო ვაზის ჯიშები და მათ გასაშენებლად ხელსაყრელი მიკრო-ზონები. კომპანია 1884 წელს დაარსდა, სულ რაღაც სამ წელიწადში 1887 წელს პირველი პროდუქტიც გამოუშვა.

1889-1912 წლებში დავით სარაჯიშვილის ღვაწლმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ქართული ბრენდი - პარიზის, ბრიუსელისა და ჩიკაგოს გამოფენებზე ოქროს მედლებით დაჯილდოვდა.  1913 წელს კი კომპანიამ განსაკუთრებული წოდება „რუსეთის იმპერატორის კარის მომწოდებელი“დაიმსახურა.  

მძიმე სენით დაავადებული დავით სარაჯიშვილი 1911 წელს გარდაიცვალა. დიდმა მრეწველმა და ქველმოქმედმა 3-მილიონიანი ქონების დიდი ნაწილი სამშობლოს უანდერძა. მან ასევე იზრუნა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების,“ ქუთაისის თეატრის, ქირურგიული საავადმყოფოების, სკოლების, სამეცნიერო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დარგობრივი ინსტიუციების დაფინანსებაზეც.

1911 წლიდან ქარხანას დავით სარაჯიშვილის მეუღლე, ეკატერინე ფორაქიშვილი ჩაუდგა სათავეში. მან შესანიშნავად გააგრძელა მეუღლის საქმიანობა  და ხელი შეუწყო კონიაკის წარმოების განვითარებას საქართველოში.

კომუნისტურ პერიოდში დავით სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და „თბილისის კონიაკის ქარხნის“ სახელს ატარებდა.

1994 წელს კომპანია კერძო მფლობელს გადაეცა და  „სარაჯიშვილის“ სახელი დაიბრუნა.  საუკუნოვანი ტრადიციის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, მრავალფეროვანი სპირტის რეზერვებისა და უახლესი ტექნოლოგიების წყალობით „სარაჯიშვილის სახლი“ ღირსეულად განაგრძობს იმ საქმიანობას, რომელსაც თავად დავით სარაჯიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა.  "სარაჯიშვილის სახლის“ მიერ გამოშვებულმა პროდუქციამ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე 250-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის: 6 სუპერ გრან-პრი, 35 გრან-პრი, 1 ორმაგი ოქროს, 1 დიდი ოქროს და 155 ოქროს მედალი. საუკეთესო შეფასებების შედეგად,  „სარაჯიშვილის სახლმა“  როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მოიპოვა აღიარება. დღესდღეობით, „სარაჯიშვილის სახლი“  მსოფლიოს 4 კონტინენტის 20-მდე ქვეყანაში ახდენს პროდუქციის ექსპორტს.

მუდმივმა შემოქმედებითმა ძიებამ, საქმის სიყვარულმა და წინსვლის სურვილმა შექმნა საუკეთესო ქართული ღვინის ბრენდის მწარმოებელი კომპანია „სარაჯიშვილის სახლი“.

bottom of page